სუს-ი „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე მათი მხრიდან ზეწოლის შესახებ ბრალდებას „არასერიოზულს“ უწოდებს

სუს-ი „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე მათი მხრიდან ზეწოლის შესახებ ბრალდებას „არასერიოზულს“ უწოდებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე სუს-ის მხრიდან ზეწოლის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას „არასერიოზულს“ უწოდებს. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, მსგავსი განცხადებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

„ასეთი განცხადებები არასერიოზული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც ”რუსთავი 2”-ის საქმეს განიხილავენ, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 14 იანვარს დაიწყო. თავის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს გაკეთდა განცხადება, რომ აღნიშნულ მოსამართლეებზე ზეწოლას სუს-ი ახორციელებდა, რის გამოც პარტიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნა დააყენა.