”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ”რუსთავი 2-ის” საქმეს განიხილავენ, ზეწოლას სწორედ სუს-ის ახორციელებდა.
”გაირკვა, რომ 14 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენდა ზეწოლას მოსამართლეებზე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და ეს კონკრეტული საქმე არის არც მეტი და არც ნაკლები ”რუსთავი 2-ის” საქმე. ამ უწყებას ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური. ბიძინა ივანიშვილს სურს, როგორც ასეთი გააუქმოს სახელმწიფო. ყოველივე ამის შემხედვარე დაუშვებელია დუმილი. გვაქვს კატეგორიული მოთხოვნა, რომ ბატონი გომელაური უნდა გადადგეს, რადგან ის არის მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი ივანიშვილის მხრიდან. მას არანაირი უფლება არ აქვს იყოს იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებზე”, - განაცხადა მელიამ.
ამასთან, მელია მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, რომ დაიცვას მოსამართლეების უფლებები. ”ნაციონალური მოძრაობა” ინტერესდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის პოზიციითაც.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც ”რუსთავი 2”-ის საქმეს განიხილავენ, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება ამ ფაქტზე 14 იანვარს დაიწყო.