საქართველოს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ეწვია

საქართველოს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი იმყოფება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე თბილისს წუხელ ესტუმრა. სებასტიან კურცი ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს. 

ვიზიტის ფარგლებში სებასტიან კურცი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. 

”შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველო - ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლს და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობებს. საუბარი ასევე შეეხება ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი კურცი დაესწრება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრას ერგნეთში და ეწვევა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას შავშვებში. სებასტიან კურცის ვიზიტი ეუთო-ს თავმჯდომარეობის დასაწყისში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ავსტრიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია”, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.