ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს

ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს

ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს, - ამის შესახებ პოლიტიკურ გაერთიანება ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სახელისუფლებო პარტიის შეფასებით, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს კიდევ უფრო დაუახლოვდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აფხაზ და ოს მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

“დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - ევროპარლამენტმა ხმა მისცა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას. ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ჩვენს ხალხს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

ევროპელი პარტნიორების დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით დიდ ევროპულ ოჯახს. ეს არის უდიდესი წინსვლა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპარლამენტმა მრავალპარტიულ ფორმატში დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ვინც დღეს გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო.

ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომლებიც ჩვენ ევროპარლამენტისგან მივიღეთ გატარებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის გამო. ეს გვაძლევს ძალიან დიდ სტიმულს, რათა წარმატებით გავაგრძელოთ მუშაობა ევროინტეგრაციის კუთხით.

ევროპარლამენტის ეს გადაწყვეტილება სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და აქედან გამომდინარე ყველა სიკეთით ისარგებლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები.

მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ ვალდებულებებს უვიზო მიმოსვლის პირობებში.

ჩვენ კიდევ დიდი გზა უნდა გავიაროთ დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის კუთხით, წარმატებით უნდა დავნერგოთ ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები, რაც ჩვენს ხალხს კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს.

დარწმუნებული ვართ, რომ ამ გზას ხელისუფლება, პოლიტიკური ძალები, მთელი საზოგადოება წარმატებით გავივლით და დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გავხდებით”, - ნათქვამია ”ქართული ოცნების” განცხადებაში.