იოჰანეს ჰანი:   ვიზალიბერალიზაციის დამტკიცება ცხადყოფს, რომ ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს

იოჰანეს ჰანი: ვიზალიბერალიზაციის დამტკიცება ცხადყოფს, რომ ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს

კარგი სიახლე საქართველოს მოქალაქეებისათვის - ვიზალიბერალიზაციის დამტკიცება ცხადყოფს, რომ ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი წერს.

ჰანი დარწმუნებულია, რომ ევროსაბჭო განაგრძობს ამ პროცესს.

‘დარწმუნებული ვარ, რომ ევროსაბჭო განაგრძობს ამ პროცესს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა მალე შეძლონ უვიზო რეჟიმით მგზავრობის დამსახურებული სარგებლის გამოყენება“, - დასძინა იოჰანეს ჰანმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.

საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი 553 ევროპარლამენტის წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 დეპუტატი იყო, თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.

დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები.