საქართველო ევროპამ ყველა ძირითად უფლებაში აღიარა - ჩვენი წინაპრების ბრძოლა და დამსახურება არ დაიკარგა, - აღნიშნული განცხადებით ”ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ევროპარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“მინდა ჩემს ხალხს მივულოცო ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ამ ეტაპზე მიღწეული მაქსიმალური შედეგი. 2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 2015 წლიდან მოიპოვა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და განვითარებული რეგიონის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის უფლება. 2017 წლიდან კი უკვე თავისი მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლება. ეს არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი მეგობარი ევროპელების დიდი მიღწევა, როდესაც საქართველოს წარმატება, საქართველოს ინტეგრაცია სხვა ქვეყნების წარმატებებზე დამოკიდებულად არ განხილულა. ის დამოუკიდებლად იქნა გადაწყვეტილი, როგორც თავისუფალ ევროპაში თავისუფალ საქართველოს ეკადრება. გილოცავთ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ევროპელი ხალხების კულტურას, მიღწევებს, განათლებას, მეცნიერებას, ეკონომიკას, ტრანსპორტს, ჯანმრთელობის დაცვას, აგრარულ მეურნეობას გაეცნოს. ვულოცავ ყველა სტუდენტს, ვინც საზაფხულო არდადეგებს ევროპაში გაატარებს და პირველად ეზიარება სტუდენტური თუ სეზონური სამუშაოს გაწევით ევროპული ანაზღაურების გემოს. ვულოცავ ყველას, ვინც 10 და 15 წლის უნახავ ნათესავს ნახავს ევროპაში ჩასვლით. ვულოცავ შუაზე გაყოფილ ოჯახებს - მათ კვლავ გაერთიანების შესაძლებლობა წარმოეშვათ. საზღვარი, ვიზა და ფინანსები, ხშირად ღირსების შემლახველი უარი ხელს ვეღარ შეუშლით. ვულოცავ ყველას, ვისთვისაც წარმოიშვა ახალი შესაძლებლობა საქართველოს განათლების, კულტურის, ეკონომიკის მიღწევები გაუზიაროს ევროპელებს ლექციების წაკითხვით, ანსამბლების სტუმრობით, ქართული პროდუქციის გაცნობით. საქართველო ევროპამ ყველა ძირითად უფლებაში აღიარა. ჩვენი წინაპრების ბრძოლა და დამსახურება არ დაიკარგა” , - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.
დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები.