ჩვენი არითმეტიკული გათვლებით, თანამოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება სულ რაღაც მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში შეეძლებათ

ჩვენი არითმეტიკული გათვლებით, თანამოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება სულ რაღაც მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში შეეძლებათ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მოსახლეობას ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას ულოცავს.

როგორც ვიქტორ დოლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან დაახლოვების გზაზე.

„მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ევროკავშირთან დაახლოვების თვალსაზრისით. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროპელ პარტნიორებს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ევროპარლამენტარებს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელიც ცოტა ხნის წინ ერთად ვიხილეთ ევროპარლამენტში, პირდაპირ ეთერში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალიდან, ან დღეიდან იწყება პროცესი. მე განსაკუთრებით ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართავ - დარჩა მცირე, მაგრამ მაინც დარჩა ტექნიკური პროცედურების გავლა. ჩვენი არითმეტიკული გათვლებით, სულ რაღაც მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში (ეს მთავარმა მომხსენებელმა მარია გაბრიელმა არერთხელ აღნიშნა), შესაძლებლობა ექნებათ ჩვენს თანამოქალაქეებს უვიზოდ გადადგილდნენ ევროკავშირის და შენგენის ზონაში“, - განაცხადა დოლიძემ.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ჩვენმა თანამოქალაქეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ ის პირობები, რაც არის საჭირო ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილებისთვის და ამ მიზნით, მისი უწყება მიმდინარე თვეში მასშტაბურ კამპანიას იწყებს.