იანოჰ ჰერმანი:   დღევანდელი ნაბიჯი უფრო დაგვაახლოვებს

იანოჰ ჰერმანი: დღევანდელი ნაბიჯი უფრო დაგვაახლოვებს

ვფიქრობ, დღევანდელი ნაბიჯი უფრო დაგვაახლოვებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა განვაგრძოთ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, დღეს მიღებული გადაწყვეტილება არაა საბოლოო ნაბიჯი, თუმცა ”ვუახლოვდებით ბოლო ეტაპებს”.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დამპატიჟა. ეს მნიშვნელოვანი შემთხვევაა, ვინაიდან ჩვენ ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ვულოცავ ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, დღევანდელი ნაბიჯი უფრო დაგვაახლოვებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა განვაგრძოთ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვება. ვიცით, თუ როგორ ბეჯითად მუშაობდა ხალხი ამის მისაღწევად“, - დასძინა მან.

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.

საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი 553 ევროპარლამენტის წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 დეპუტატი იყო, თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.

დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები.