ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ნათელი მაგალითია იმის, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის ვალდებულებებს პარტნიორების მიმართ

ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ნათელი მაგალითია იმის, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის ვალდებულებებს პარტნიორების მიმართ

ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება იმის დადასტურებაა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა და პარტნიორობა კონკრეტული სარგებლის მომტანია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის ვალდებულებებს პარტნიორების მიმართ და შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობს ქვეყნის ძალისხმევას ევროკავშირის სტანდარტების დანერგვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით.

”2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა კენჭისყრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხზე. ევროპარლამენტის დეპუტატებმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და დაამტკიცეს 539/2001 რეგულაციის შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს. ევროპარლამენტის სესიას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა, რომელიც დღევანდელი კენჭისყრით კიდევ ერთხელ დადასტურდა. მოხარული ვართ, რომ ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი დადებითად შეფასდა. ვაფასებთ ევროპარლამენტის მიერ გამოხატულ ნდობასა და თანადგომას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც დამატებითი ბიძგის მომცემია ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი რეფორმების გასაგრძელებლად. ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება იმის დადასტურებაა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა და პარტნიორობა კონკრეტული სარგებლის მომტანია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის ვალდებულებებს პარტნიორების მიმართ და შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობს ქვეყნის ძალისხმევას ევროკავშირის სტანდარტების დანერგვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით”, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება ასევე მნიშვნელოვანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომელთაც საშუალება მიეცემათ ისარგებლონ ყველა იმ სიკეთეებით, რაც ევროკავშირში თავისუფალ გადაადგილებასა და ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს.

რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შემდგომი პროცედურის თანახმად, ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო, რითაც ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი საბოლოოდ დასრულდება.

”ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.