საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე ევროპარლამენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას ულოცავს.
ირაკლი კობახიძე, რომელიც დღეს, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრას ესწრებოდა, მიღებულ გადაწყვეტილებას „ისტორიულს“ უწოდებს.
„დღეს არის ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ნამდვილად ისტორიული დღე თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის მიმართულებით, მივიღეთ ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო თანხმობა ევროპული პარლამენტისგან, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი თითოეული მოქალაქის დამსახურება, დამსახურება იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მოქალაქეებს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ეს არის დამსახურება ძალიან დიდი მხარდაჭერის ევროპული იდეის მიმართ, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ევროპულ პარლამენტს მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ მიზნის განხორციელებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელსაც განსაკუთრებული, პერსონალური წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში, მთავრობის წევრებს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ნატალია საბანაძეს. არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში, ამ მიზნების განხორციელებაში და თითოეულ მათაგნს მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა“, - განაცხადა კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.
დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები.