იმ პერიოდში, იმ პირობებში, როცა ევროკავშირს მიგრაციის კუთხით დიდი გამოწვევები აქვს, მან საქართველოს მოქალაქეებს კარი გაუხსნა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს.
ჩუგოშვილის ინფორმაციით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე რამდენიმე ტექნიკური საკითხია გადასაწყვეტი, რაც ჩუგოშვილის ვარაუდით, მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში დასრულდება.
”დღეს ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი მოქალაქეებისათვის ძალიან სასიხარულო დღეა. ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილება კენჭისყრის სახით არის მიღებული - ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საკითხს. ჩვენ დაგვრჩა ბოლო, რამდენიმე ტექნიკური ეტაპი, რაც არის ამ გადაწყვეტილების ამოქმედება და ძალაში შესვლა, რომლის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ვიზის გარეშე ევროკავშირის ქვეყნების საზღვრის გადაკვეთას. გვაქვს მოლოდინი, რომ მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში ეს პროცესი დასრულდება და მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევა”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის შეფასებით, ევროპარლამენტმა დღევანდელი გადაწყვეტილებით დაადასტურა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი მხარდაჭერა.