საქართველო ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად ხდება ევროპული ოჯახის წევრი და უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
”ამ მოვლენას, ალბათ, თანაბარი სიხარულით და მოლოდინით აფასებს მთელი ჩვენი მოსახლეობა. მეც მინდა ამ სიხარულს შევუერთდე და მივულოცო ყველა ადამიანს დღევანდელი დღე, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების დღე. ასე ახლოს ჩვენი ქვეყანა ევროპასთან არასდროს ყოფილა. ჩვენ განვითარების გზას ვადგავართ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გადავუხვევთ ევროპულ ღირებულებებს. მთავარია საქართველო ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიმართულად ხდება ევროპული სახლის წევრი და უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.
დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები.