ეს არის უდიდესი გამარჯვება, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას.
”მიღებული გადაწყვეტილება დააახლოებს ადამიანებს, ხალხებს, ბიზნესმენებს. ჩვენ პრაქტიკულად ვხდებით ამ დიდი ოჯახის განუყოფელი ნაწილი. ეს არის უდიდესი გამარჯვება და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიღწეულია წლების განმავლობაში, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ ჩვენს ხელისუფლებას მიუძღვის დიდი წვლილი. ჩვენ დავაჩქარეთ პროცესი”, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.
დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები.