თუ ვიფიქრებთ, რომ ვიზალიბერალიზაცია ევროპაში ჩასვლის არალეგალური საშუალებაა, ეს ვიზალიბერალიზაცია ისევე წავა, როგორც მოვიდა

თუ ვიფიქრებთ, რომ ვიზალიბერალიზაცია ევროპაში ჩასვლის არალეგალური საშუალებაა, ეს ვიზალიბერალიზაცია ისევე წავა, როგორც მოვიდა

თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ეს ვიზალიბერალიზაცია არის ევროპაში ჩასვლის არალეგალური საშუალება და ასე გამოვიყენებთ, ეს ვიზალიბერალიზაცია ისევე წავა, როგორც მოვიდა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

კითხვაზე, რამდენად მზად არის საქართველოს მოსახლეობა დაიცვას ის რეგულაციები, რომელიც ევროპაში უვიზოდ მიმოსვლისთვის არის საჭირო, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ზუსტად ის პრობლემა, როგორც სხვა ქვეყნებს.

”ნუ ვიცით საკუთარ თავზე ლაფის დასხმა, ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი პრობლემები, რაც გააჩნია ყველა იმ იმიგრანტულ არალეგალურ მოსახლეობას, რომელიც არიან ევროპაში და ჩვენზე ბევრად უარესებიც არიან. ეს ვიზალიბერალიზაცია არ არის ევროპაში შესვლის საშუალება, ეს არის რაც მოსახლეობას უნდა გავაგებინოთ, რომ ვიზალიბერალიზაცია არის ევროპაში ჩასვლის და დაბრუნების საშუალება, ევროპის გაცნობის საშუალება, კავშირების გამყარების, მცირე ბიზნესების აწყობის და ა.შ. უკვე გაიხსნა თაფლისთვის ევროპული ბაზარი და ეს არის მაგალითი თუ რას გვაძლევს ერთად ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების შეთანხმება, ძალიან ბევრ შესაძლებლობას. თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ეს არის ევროპაში არალეგალურად ჩასვლის ერთ-ერთი საშუალება და ასევე გამოვიყენებთ, ეს ვიზალიბერალიზაცია ისევე წავა, როგორც მოვიდა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, დეპუტატი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მნიშვნელოვნად აფასებს.