ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის კენჭისყრასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში საზეიმო მიღება მიმდინარეობს. პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები არიან შეკრებილი, რომლებიც ევროპარლამენტში კენჭისყრას პირდაპირი ეთერით ერთად მიადევნებენ თვალს.
დაგეგმილია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის,უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის და ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის სიტყვით მიმართვა. გაიჭრება ტორტი, რომელიც გაფორმებულია საქართველოს და ევროკავშირის დროშებით.
გარდა ამისა, პარლამენტის შოთა რუსთაველის დარბაზში გამოფენილია ევროკავშირის და ყველა იმ სახელმწიფოს დროშა, რომელიც ამ ორგანიზაციაშია გაერთიანებული.
დეპუტატები აღნიშნავენ, რომ დღევანდელი დღე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ევროინტეგრაციის გზაზე.