ვიზალიბერალიზაცია არის მთლიანად 2012 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმების შედეგი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, რომელი მთავრობის დამსახურებაა ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმის მიღება, ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის დასაწყისში გადაეცა და ამ კონკრეტული გეგმის შესრულება ნამდვილად 2012 წლის ცვლილებების შემდგომ მოხდა.
”ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც მანამდე განხორციელდა, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის მნიშვნელოვანი იყო - ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერაზე გადაწყვეტილების მიღება ორივე ხელისუფლების დამსახურებაა. რეფორმებმა, რომელიც 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ გაფორმდა, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას შეუწყო ხელი, თუმცა რაც შეეხება ვიზების ლიბერალიზაციას, ის მთლიანად 2012 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმების შედეგია”, - განაცხადა თამარა ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის შემდგომ ეტაპს, ვიცე სპიკერის განცხადებით, წევრობის საკითხის განხილვა ხანგრძლივი პერსპექტივაა და ბევრად მეტ დროს წაიღებს.
”ამ წუთას ჩვენი ვალდებულება და ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით მოცემული შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისთვის. ეს შეგვაძლებინებს, რომ ჩვენი ეკონომიკა და თავისუფალი ვაჭრობა გაძლიერდეს. ჩვენ უფრო მეტად ევროპული ქვეყანა უნდა გავხდეთ ”, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქართველოს დარჩება მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური დეტალი იმ დღემდე, როცა „საქართველოს პირველი მოქალაქე უვიზოდ წავა ევროპაში”.