ამაზე კინკლაობაც კი უხერხულია, მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს უდიდესი წარმატება

ამაზე კინკლაობაც კი უხერხულია, მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს უდიდესი წარმატება

მინდა მივულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ის უდიდესი წარმატება, რომელსაც ჩვენმა სახელმწიფომ მიაღწია, - ამის შესახებ ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ევროპარლამენტში დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა.

ოთარ კახიძემ აღნიშნული წარმატება მიულოცა ყველა თანამდებობის პირს, ყველა საჯარო მოხელეს, ამა თუ იმ ხელისუფლების დროს, რომელმაც მცირე წვლილი მაინც შეიტანა იმ წარმატებაში რასაც ქვეყანამ მიაღწია.

”ნამდვილად ძალიან დიდი საქმეა და ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს მიერ ევროპულ ოჯახში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით მოეკიდოს იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს ჩვენს დასავლელ კოლეგებს, კანონის უზენაესობასთან, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებაში, ასევე მედიის თავისუფლებასთან მიმართებაში და განახორციელოს ის რეფორმები რომელიც აუცილებელია ქვეყნის შემდგომი დასავლური განვითარებისთვის და შეწყვიტოს ოპონენტების პოლიტიკური დევნა, ასევე მედიაზე ზეწოლა. ასევე მინდა ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ მნიშვნელოვან პრივილეგიას, რომ ჩვენ უვიზოდ შეგვიძლია ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და გადაადგილება და არ დაარღვიონ ის რეგულაციები, რომელიც დაწესებულებია, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია ”ქართული ოცნების” ხელისუფლების დამსახურებაა.

”ძალიან უხერხულია ამის განცხადება იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც ფლობს ინფორმაციას, რომ საქმის ძირითადი ნაწილი, რომელიც ჩვენ დღეს მოვიმკეთ, არის ჩვენი ხელისუფლების დროს გაკეთებული. ამაზე კინკლაობაც კი უხერხულია. მინდა მათაც მივულოცო”, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შენგენის ქვეყნებში მარტიდან შეძლებენ წასვლას.

”ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველომ მიიღო ჩვენი ხელისუფლების პირობებში და წარმატებით განახორციელა ჩვენი ხელისუფლების პირობებში საზოგადოების მხარდაჭერით. მადლობა ყველა მოკავშირეს, ყველა უცხოელ მეგობარს და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც თავდაუზოგავად იმუშავეს ამ შედეგებისთვის”, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.