ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, აქციები მათ მიერ „რუსეთისთვის მოღალატეობრივად ჩაბარებულ“ ტერიტორიებზე ჩაატარონ.
როგორც სუბარმა განაცხადა, დღეს, 14:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობა“ დევნილთა 45-ლარიანი შემწეობის გაუქმების საკითხზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან აქციას გეგმავს.
“რა ინფორმაციაც მაქვს თვითონ დევნილებისგან, ორკვირიანი სრული მობილიზებისა და ლამის სამხედრო რეჟიმზე გადასვლის შედეგად მოახერხეს, რომ 400-კაციანი სია შექმნეს, ვის მოყვანასაც აპირებენ. დიდი წარმატებაა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ვულოცავ! ამ 400-კაციანი სიიდან რამდენი მოვა, ჯერ არ ვიცი. ისე კარგი იქნებოდა, თუ აქციებს გეგმავენ, გაეკეთებინათ იმ ტერიტორიებზე, რომელიც მოღალატეობრივად ჩააბარეს რუსეთს - მაგალითად ახალგორში, რომელიც ჯერ გამოყვეს მცხეთა-მთიანეთიდან, შემდეგ შეუერთეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს და შემდეგ ჩააბარეს რუსეთს; ან კოდორის ხეობაში, რომელშიც სამხედრო ჯარი შეიყვანეს, საკუთარი ტერიტორიის დაპყრობის იმიტაცია გაითამაშეს და შემდეგ ჩააბარეს რუსეთს. აქ რომ გააკეთონ აქციები, ეს ბევრად უკეთესი იქნებოდა და მაშინ დავიჯერებდი, რომ მათ მართლაც სტკივათ საქართველო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.