მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას მიმდინარე თვეში დაიწყებს

მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას მიმდინარე თვეში დაიწყებს

მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას მიმდინარე თვეში დაიწყებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამისთვის საქართველოს მთავრობას უკვე აქვს შემუშავებული შესაბამისი კამპანია.

„მოგეხსენებათ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი კოორდინაციას უწევს საკომუნიკაციო კამპანიას. ეს კამპანია ამ თვიდან დაიწყება ძალიან აქტიურად მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს, როგორც სატელევიზიო, სოციალურ ქსელებს, ასევე პირდაპირ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რათა ეს პროცედურები კარგად იქნას მიტანილი თითოეულ მოქალაქემდე და მათ იცოდენენ როგორც შესაძლებლობები, ასევე მათი უფლებები“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე განმარტებით, აუცილებელია მოსახლეობამ კარგად იცოდეს, რას ემსახურება ვიზალიბერალიზაცია.

„ეს არის 90 დღით შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა, მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. ეს არ გულისმობს დასაქმების შესაძლებლობას. ის ხელმშემწყობი იქნება ბიზნეს ურთიერთობებისთვის, ხალხთა შორის კონტაქტებისთვის, ტურისტული მიზნებით ვიზიტებისთვის თუ სხვა ტიპის მოგზაურობისთვის, რომელიც გულისხმობს მოკლევადიან ვიზიტებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოს თითოეული ჩვენი მოქალაქე და არ მოხდეს ამ რეჟიმის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული შეფერხებები პროცესში“, - განაცხადა ჯანელიძემ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ კი აღნიშნა, რომ მოსახლეობა ამ კუთხით დეტალურად იქნება ინფორმირებული და მათ უნდა გაითვალისწინონ ის კრიტერიუმები, რაც არის დაწესებული, რომ საკუთარ მოქალაქეებს არ შეუქმნან პრობლემა.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთმანეთზე. ჩვენს უკან ქვეყანა დგას. უნდა ვიფიქროთ მეგობრებზე, მეზობლებზე, ოჯახის წევრებზე, რომელთაც უნდათ მომავალში ჩვენს შემდეგ წასვლა და ამიტომ, უნდა გავითვალსიწინოთ ის კრიტერიუმები, რაც არის დაწესებული უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით“, -განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.