ჩვენი ამოცანაა, ვიზალიბერალიზაციის სარგებელი მაქსიმალურად მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზებისა და ოსებისთვის, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება. არაერთხელ განმიცხადებია და მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ყველა სარგებელი, რომელიც გამომდინარეობს ევროკავშირთან თუ სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმატებიდან, ჩვენ ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის. უვიზო გადაადგილების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული სარგებელი, რომლითაც საქართველოს თითოეული მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს და ჩვენი ამოცანა გახლავთ, ამოქმედებისთანავე მაქსიმალურად მარტივად (რის შესაძლებლობასაც იძლევა პროცედურები) ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზებისა და ოსებისათვის. ეს არამხოლოდ მოგზაურობის შესაძლებლობას ქმნის, არამედ ბევრ სხვა თანამდევ სარგებელსაც და ვფიქრობ, აუცილებლად ძალიან მიმზიდველი და საინტერესო წინადადება იქნება“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
ამასთან, მისი განმარტებით, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა იხსნება საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებისთვის.
„ჩვენი ამოცანაა, რომ თვითონ ეს პასპორტი, როგორც გეოგრაფიულად, ისე პროცედურულად, უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გავხადოთ ოკუპირებულ ტერიტორებზე მაცხოვრებლბისათის, თუმცა ამას ახლავს თავისი უსაფრთხოების მექანიზმები“, - დასძინა ციხელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, იგეგმება საინფორმაციო კამპანიის წარმოებაც, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდოს ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციის პროცედურული დეტალების შესახებ.