დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მივიღებთ ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერას, რაც უზრუნველყოფს ევროპული ინტეგრაციის მომავალ წარმატებებს

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მივიღებთ ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერას, რაც უზრუნველყოფს ევროპული ინტეგრაციის მომავალ წარმატებებს

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფი მტკიცედ და ერთსულოვნად დაუჭერს მხარს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველომ მთავრობამ და მთალიანად ქვეყანამ ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა იმისთვის, რომ გამხდარიყო ევროკავშირისთვის სანდრო პარტნიორი.

„ეს რეფორმები განხორციელდა 2013 წლის დასაწყისიდან. ჩვენ ამით მივიღეთ შესაძლებლობა, რომ უკვე პოლიტიკური მსჯელობა დაწყებულიყო საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. გასულ წელს, მიუხედავად არასახარბიელო ფონისა, საქართველომ, მისმა მთავრობამ, ქართულმა დიპლომატიამ შეძლო ჩვენი პარტნიორების დარწმუნება - როგორც პოლიტოკისების, ისე წევრი ქვეყნების, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ევროკავშირისთის, ასევე საქართველოსთვის.

შედეგად, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დღეს მივიღებთ მხარდაჭერას ევროკავშირის ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფისგან, რაც უზრუნველყოფს ასევე ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მომავალ წარმატებებს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ვერ ისაუბრებს კონკრეტულ თარიღზე, თუ როდიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილებას, თუმცა როგორც განმარტა, ევროპარლამენტში პროცესი სრულდება და გადავდივართ მხოლოდ ტექნიკურ პროცესზე, რომელიც განსაზღვრავს უვიზო რეჟიმის ამოქმედების ვადას.