დღეს მნიშვნელოვანი დღეა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკისთვის. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში ჩვენ დებატები გვექნება, - წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ევროპარლამენტის წევრი და საქართველოს საკითხის მომხსენებელი მარია გაბრიელი.
„დებატების შემდეგ ჩვენ კენჭს ვუყრით საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს. გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე ძლიერი სიგნალი იქნება ჩვენი პრინციპების დაცვის კუთხით, რათა წინ წავწიოთ კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები. ეს ევროპის მოქალაქეების ინტერესებშია“, - განაცხადა მარია გაბრიელმა.
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტში კენჭისყრა თბილისის დროით 14:30 საათზე მოხდება, იქამდე კი, რამდენიმე წუთში, საკითხის განხილვა დაიწყება, რასთან დაკავშირებითაც მოხსენებით მარია გაბრიელი გამოვა.