მე არ ვუყურებ CNN-ს, მე არ მიყვარს ცრუ ახალი ამბების ყურება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „შავკანიანთა ისტორიის თვესთან“ დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„თქვენ ყველამ წაიკითხეთ მარტინ ლუთერ კინგზე გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაცია, როდესაც ვიღაცამ განაცხადა, რომ თურმე მე მისი ქანდაკება თეთრ სახლში ჩემი კაბინეტიდან გამიტანია. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ეს სიცრუე იყო. არავის უხლია ხელი მარტინ ლუთერ კინგის ქანდაკებაზე. ვფიქრობ, ეს სამარცხვინო საქციელი იყო. მაგრამ, ასეთია პრესა და ეს ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ის არ უყურებს ტელეარხ CNN-ს და მადლობა გადაუხადა ტელეარხ Fox-ს, რომელიც მისი თქმით, „მას კარგად ეპყრობოდა“.
„მე არ ვუყურებ CNN-ს, მე არ მიყვარს ცრუ ახალი ამბების ყურება. რაც შეეხება Fox-ს, ის მე ძალიან კარგად მეპყრობოდა და მადლობა მათ“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.