ხელვაჩაურში, სოფელ ზედა განთიადში, დიდთოვლობის გამო საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 1 გარდაიცვალა.
გარდა ამისა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ამოყვანა ამ დრომდე მიმდინარეობს.
რაც შეეხება დაშავებულებს, მათგან ერთი ფეხმძიმე ქალია, რომელიც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,
ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცოტა ხნის წინ მის მოსანახულებლად კლინიკაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მივიდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები, ასევე ხელვაჩაურის გამგეობის წარმომადგენლები ამ დრომდე იმყოფებიან.