”ბავშვთა სამყაროს” დაზარალებული მოვაჭრეები შენობაში დემონტაჟის დაწყებამდე შესვლას მოითხოვენ

”ბავშვთა სამყაროს” დაზარალებული მოვაჭრეები შენობაში დემონტაჟის დაწყებამდე შესვლას მოითხოვენ

სავაჭრო ცენტრ ”ბავშვთა სამყაროს” დაზარალებული მოვაჭრეები შენობაში დემონტაჟის დაწყებამდე შესვლას მოითხოვენ. 
როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ნანა შევარდენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ დემონტაჟის დაწყებამდე შესვლას შეძლებენ, მათ შეეძლებათ გადარჩენილი პროდუქციის გამოტანა. 

”როგორც ოქროს საცავში მოხდა ხალხის შეყვანა, ჩვენც ასევე მოვითხოვთ შესვლას, ჩვენი ნივთების მოძებნას და გამოტანას. ამით ზარალი, რომელიც ძალიან დიდია, მცირედით მაინც შეგვიმცირდება. მოვითხოვთ, რომ შემოგყვნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, დაგვაფარონ ჩაფხუტები და მორიგეობით შევალთ. დემონტაჟის მერე კი იქ შესვლას არანაირი აზრი აღარ ექნება, რადგან ყველაფერი ჩაიმარხება და ნივთების მოძებნა შეულებელი გახდება”, - განაცხადა ნანა შევარდენიძემ. 

დაზარალებული მოვაჭრეები ბავშვთა სამყაროსთან არიან შეკრებულები. ისინი ასევე მოითხოვენ მთავრობისგან დახმარებას. 
”ზარალი ძალიან დიდია. მოვითხოვთ მთავრობა დაგვეხმაროს და ცოტა შეგვიმსუბუქოს ეს ზარალი, სხვა შემთხვევაში რა გვეშველება არ ვიცით”, - აცხადებენ დაზარალებულები.