აშშ ირანს ოფიციალურად აფრთხილებს

აშშ ირანს ოფიციალურად აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა დაგმო და აღნიშნა, რომ აშშ ირანს ოფიციალურად აფრთხილებს. 

„ტრამპის ადმინისტრაცია გმობს ირანის ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და რეგიონის გარეთ და რისკის ქვეშ აყენებს ამერიკელების სიცოცხლეს“, - განაცხადა მაიკლ ფლინმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

„დღეიდან ჩვენ ირანს ოფიციალურად ვაფრთხილებთ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

მისი თქმით, ობამას ადმინისტრაციამ სათანადოდ ვერ უპასუხა ირანის მავნე ქმედებებს, როგორიც არის იარაღის გადაცემა, ტერორიზმის მხარდაჭერა და სხვა საერთაშორისო ნორმების დარღვევა.

ორშაბათს, ტელეარხმა Fox News პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ თეირანიდან 225 კილომეტრის დაშორებით მდებარე პოლიგონზე ირანმა ბალისტიკური რაკეტის ცდა ჩაატარა.

2015 წლის 20 ივლისის გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუცია ირანს მოუწოდებს არ ჩაატაროს მსგავსი ცდები.