დღეს მართლაც ისტორიული დღეა, ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ევროკავშირის საქართველოსადმი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლებას.
„დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნლოვანი დადასტურება ევროკავშირის საქართველოსადმი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადაწყვეტილება იქნება საქართველოს სასარგებლო და ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება მხარდაჭერის იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებიც არიან ევროპარლამენტში.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ევროპარლმენტარს, რომელიც დღევანდელ კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან დღევანდელ დღეს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ასევე მინდა ყველა საჯარო მოხელეს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ძალიან დიდი წარმატების შენებაში, გადავუხადო უდიდესი მადლობა, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და ყველას ვინც ამ ძალიან შრომატევადი პროცესის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა და დღეს მართლაც დიდი წარმატების დღეა საქართველოსთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე იქნება იმის დასტური, რომ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სტრატეგიას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგს და ნაყოფს, საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირში და ზედმიწევნით დაიცავენ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც გადაწყვეტენ გამგზავრებას. ეს ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალქეებისთვის და მე მინდა მათაც ასევე მივულოცო ეს უდიდესი წარმატება.
დღევანდელი წარმატება არის დიდი შედეგები წლების განმავლობაში გაწეული შრომის, ეს შრომა დღეს არ დასრულებულა, ჩვენ წინ კიდევ დიდი გზა გველოდება დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის მიმართულებით, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის ნამდვილი წევრი. უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს მოქალაქეების უკეთესი ყოფის შენებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.