საქართველო უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის საკვანძო პარტნიორია

საქართველო უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის საკვანძო პარტნიორია

ევროკომისიის წარმომადგენელის ქრისტიან დანიელსონის შეფასებით, საქართველო უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის საკვანძო პარტნიორია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის თემაზე ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და აზიის მმართველ დირექტორთან თომას მაირ-ჰარტინგთან შეხვედრა გაიმართა.

ქართული მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი უძღვებოდა. შეხვედრაში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა, ასევე, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრისას თომას მაირ-ჰარტინგმა ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის მიზნები და ამოცანები მიმოიხილა ორგანიზაციის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მიმართებაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორის როლს. ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის მიმოხილვისას მაირ-ჰარტინგმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ევროკავშირის მიდგომებზე, სხვადასხვა გამოწვევებთან მიმართებაში პარტნიორი ქვეყნების მდგრადობა გაზარდოს.

შეხვედრაზე ქართული მხრიდან გამოითქვა მზაობა, ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში შემდგომი თანამშრომლობა გაღრმავდეს. ასევე, ხაზი გაესვა ევროკავშირის როლს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.

ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი ქრისტიან დანიელსონი და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორი თომას მაირ-ჰარტინგი საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. ქრისტიან დანიელსონმა და თომას მაირ-ჰარტინგმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს. ევროკომისიის წარმომადგენლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასევე საჯარო გამოსვლა ჰქონდათ.