ტექნოპარკში პროგრამა  „ბიზნეს ინკუბატორის“ ღია კარის დღე გაიმართება

ტექნოპარკში პროგრამა „ბიზნეს ინკუბატორის“ ღია კარის დღე გაიმართება

2 თებერვალს, 19:00 საათზე, ტექნოპარკში, პროგრამა  „ბიზნეს ინკუბატორის“ მესამე ნაკადისთვის ღია კარის დღე გაიმართება.  ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  სააგენტო“ და მისი პარტნიორი კომპანია „მართვის აკადემია,“  პროგრამით დაინტერებულ ადამიანებს ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან  და ნებისმიერ შეკითხვას გასცემენ პასუხს.  შეხვედრას ასევე დაესწრებიან „ბიზნეს ინკუბატორის“ მეორე ნაკადის გუნდები, რომლებიც სტუმრებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

„ბიზნეს ინკუბატორი“  არის დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა შეღავათიან პირობებში, გაიარონ საკუთარი ბიზნესიდეის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი.

ინოვაციების სააგენტოს „ბიზნეს ინკუბატორის“ 6 თვიანი პროგრამა სტარტაპებისთვის რამდენიმე ეტაპს მოიცავს.  საწყის ეტაპზე  გუნდები 2 კვირიან ე.წ. „welcome ტრენინგებს“ გაივლიან, მომდევნო  სამი თვის განმავლობაში კი ისინი პროტოტიპის შექმნაზე იმუშავებენ. პროექტის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ მათ უკვე შედგენილი ბიზნესგეგმა, ბიზნესმოდელი და ფინანსური პროგნოზები ექნებათ, ხოლო ბოლო ეტაპი ინვესტორების მოძიებას, დაინტერესებასა და შეთანხმებას გულისხმობს.     აღნიშნული პროცესების სწორად წარმართვას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პარტნიორ კომპანიებთან - „საქპატენტთან“, „დელოიტთან“ და „მართვის აკადემიასთან“ ერთად ახორციელებს. 

პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ხელშეწყობასა და მათი ინოვაციური ბიზნესიდეების წარმატებულ ბიზნესად განვითარებას. თითოეული გუნდი პროგრამის ფარგლებში უფასოდ მიიღებს 30 000  ლარამდე ღირებულების პროდუქტებსა და სერვისებს და დატრენინგდებიან ისეთი  მიმართულებებით როგორებიცაა პროექტის მართვა, მარკეტინგი, ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბება და სხვა. გუნდები  კონსულტაციებს მიიღებენ ფინანსურ, იურიდიულ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და სხვა საკითხებში.

გუნდები უზრუნველყოფილები იქნებიან ტექნოპარკში საერთო სამუშაო სივრცით  და მიიღებენ პროგრამულ, ინტელექტუალურ და მატერიალურ დახმარებას სააგენტოსგან, მენტორთა ქსელის წევრებისა და სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციებისგან. ამასთან, ყოველი გუნდი მიიღებს 5 000 ლარამდე ფულად გრანტს პროტოტიპირებისთვის.