თავდაცვის კომიტეტი მინისტრებთან და მათ მოადგილეებთან მუდმივად სამუშაო რეჟიმშია

თავდაცვის კომიტეტი მინისტრებთან და მათ მოადგილეებთან მუდმივად სამუშაო რეჟიმშია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი კობა კობალაძე ირწმუნება, რომ კომიტეტი მისი პროფილის მინისტრებთან და მათ მოადგილეებთან მუდმივად სამუშაო რეჟიმშია და მოსმენებს მართავს.

ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” კობალაძემ უმცირესობის მოთხოვნასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს საგანგებო სხდომის მოწვევის და მასზე შს და თავდაცვის მინისტრების მისვლის წინადადებით მიმართავს.

”ჩვენ გვაქვს ყოვედღიური, ყოველწუთიერი და ყოველსაათობრივი ურთიერთობა. მოსმენები იმართება, ვსაუბრობთ და მივდივართ დაგეგმილი მიმართულებით. ამ თემაზე დღეს პარლამენტში გაკეთებული განცხადება ჩემთვის გასაგებია, ყველაფერი ნათელია, მაგრამ განსაკუთრებული დღეები არ გვინდა იმისათვის, რომ მოსმენები განვახორციელოთ. ოპოზიციის წინადადებას განიხილავს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობა, განიხილავს უმრავლესობა და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” კობა კობალაძემ.

დეპუტატი გია ცერცვაძესთან დაკავშირებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, ”ხელისუფლებამ ცალსახად და მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს ექსტრადირებული მით უფრო იმ სახელმწიფოში, რომლის დახმარებითაც ტერიტორიები ჩვენს ქვეყანაში გარკვეულად ანექსირებულია”.

ფრაქცია ”ევროპული საქართველო“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევას და მასზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მისვლას ითხოვს.

როგორც ”ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მინისტრებმა ყველა კითხვას უნდა გასცენ პასუხი, რაც ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დაგროვდა.

”ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ მთავრობამ მოუხშირა ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ეს დაიწყო „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებით და მავნებლური ხელშეკრულების ხელმოწერით. მერე მთავრობამ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადასცა ოკუპანტ სახელმწიფოს ჩვენი დამსახურებული ჯარისკაცის პირადი საქმე, რაც სახელმწიფო ღალატის ნიშნებს შეიცავს. ამას ემატება ისიც, რომ ხდება ათასობით ადამიანის დათხოვნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. გასაგებია, რომ დღევანდელი ბიუჯეტი შეიძლება არ იყოს მეხუთე ბრიგადის სრულფასოვნად შესანახად საკმარისი, მაგრამ ჩვენისთანა მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში, მათ შორის, ბალტიისპირა ქვეყნებში იზრდება სახელმწიფო ხარჯები, სამხედრო ხარჯები და შეიარაღებული ძალების შემცირება, როგორც მინიმუმ მცდარი და სინამდვილეში ძალიან მავნებლური ნაბიჯია და ეს მაშინ, როცა ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი სავსეა ათასი უპასუხისმგებლო პროგრამებით. ამ მოვლენების გათვალისწინებით, ფრაქცია „ევროპული საქართველო“ და საპარლამენტო უმცირესობა მოითხოვს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევას, სადაც უნდა მოვიდნენ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები და ყველა კითხვას გასცენ პასუხი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.