ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს

ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს

ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ საიედ კამალმა დაუდასტურა. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში მხარდაჭერისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების პოლიტიკური ჯგუფის ლიდერთან საიდ კამალთან. რა საკვირველია, პირველ რიგში, ჯგუფის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ჯგუფი უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ეს არის ჯგუფის პოზიცია. საიედ კამალი დაინტერესდა საქართველოში, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. საუბრის თემა იყო, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსთან. ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ ის მზად არის, საქართველოს მხარი დაუჭიროს დემოკრატიული განვითარების და განმტკიცების პროცესში და ასევე, დაეხმაროს ქართულ მხარეს გაერთიანებულ სამეფოში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაშიც“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო გოგუაძემ.