მოვითხოვ ხელისუფლებისგან, პარლამენტისგან და ყველასგან, ჩაბრძანდნენ ზუგდიდში და დევნილებს პრობლემები მოუგვარონ

მოვითხოვ ხელისუფლებისგან, პარლამენტისგან და ყველასგან, ჩაბრძანდნენ ზუგდიდში და დევნილებს პრობლემები მოუგვარონ

მოვითხოვ ხელისუფლებისგან, პარლამენტისგან და ყველასგან, ჩაბრძანდნენ ზუგდიდში და მოუგვარონ პრობლემები დევნილებს, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ელენე ხოშტარიამ სხდომაზე ორი საკითხი დააყენა. ერთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის კომიტეტის სხდომაზე მისვლას შეეხებოდა, ხოლო მეორე ზუგდიდში გაფიცული დევნილების მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„მთავარი რაც მოვითხოვე, არის, რომ მობრძანდეს მინისტრი სუბარი, რომელიც უტიფრად გველაპარაკება ეკრანებიდან, დაჯდეს, დაუჯდეს დევნილებს, მე ნუ დამიჯდება და გასცეს პასუხები იმ კითხვებზე, რასაც ემსახურება ის მავნებლური დოკუმენტი, რომლის მიღებასაც ის აპირებს და მეორე, საკითხი ეხება ზუგდიდში მყოფ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ ითხოვენ ქულების გადასინჯვას. მოვითხოვ, რომ ვიღაცა მივიდეს. მოვითხოვ ხელისუფლებისგან, პარლამენტისგან და ყველასგან, ჩაბრძანდნენ და მოუგვარონ ის პრობლემები ამ ადამიანებს“, - განაცხადა ხოშტარიამ, რაზეც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ დაპირება მისცა, რომ აღნიშნულ საკითხებზე კომიტეტის სხდომა აუცილებლად გაიმართება. რაც შეეხება ზუგდიდში დევნილების პრობლემების საკითხის მოგვარებას, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, რომ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით და ქულების მინიჭებასთან დაკავშირებით ერთიანი სისტემა არის მოსაგვარებელი.