კანონმდებლობა იმდაგვარად უნდა მოვაწესრიგოთ, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევის შესაძლო ფაქტები ყველანაირად უნდა იყოს გამორიცხული და არც ეროვნული უსაფრთხოება უნდა დაზიანდეს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შექმნილი იყო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შემუშავებისთვის, მუშაობა დაასრულა და კანონპროექტი შემუშავებულია.
”კანონპროექტის მიხედვით იქმნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სწორედ ამ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მთელი რიგი ფუნქციები ექნება. ეს იქნება დამოუკიდებელი ორგანო და სწორედ იგი განახორციელებს ამ ფუნქციებს”, - განაცხადა კახიანმა.
რაც შეეხება იმას, რომ ასეთი უწყების შექმნას რისკების შემცველად მიიჩნევენ, კახიანი განმარტავს, რომ სასწორზე ორი ღირებულება - პირადი ცხოვრება და ქვეყნის უსაფრთხოება დევს.
”რამოდენიმე მოცემულობის ქვეშ ვართ. როდესაც ჩვენ ასეთ საფრთხილო საკითხზე ვმსჯელობთ, აქ არის ორი მნიშვნელოვანი ღირებულება და კანონმდებლობა ისე უნდა მოვაწყოთ, რომ არც ერთი უნდა დაზიანდეს.
პირველი ეს არის ის, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევის შესაძლო ფაქტები კანონმდებლობით ყველანაირად უნდა იყოს გამორიცხული და მეორე არის ის,რომ ეროვნულ უსაფრთხოებას, კრიმინალთან ბრძოლის ეფექტურობას და ა.შ. ამას რაიმე საფრთხეები არ შეექმნას. სასწორზე ეს ორი ღირებულება დევს. კანონმდებლობა იმდაგვარად უნდა მოვაწესრიგოთ, რომ არც ერთი და არც მეორე არ უნდა დაზიანდეს.
არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გარკვეული კონტურები მოხაზა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ეს უწყება, რა პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდეს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე ვთვლი, რომ ეს ახალი ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო, რომელიც იქმნება კანონპროექტის მიხედვით, ამ თვალსაზრისით არის სწორად შემუშავებული უწყება და კანონპროექტი, რომელიც მრავალმხრივი კონტროლის შედეგად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ, არც ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის შესაძლებლობას იძლეოდეს ამა თუ იმ უწყებისთვის და იმავდროულად, უსაფრთხოების ნაწილშიც იყოს ეფექტური.
ამავდროულად ვფიქრობ, რომ ეს კანონმდებლობა ასევე შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. ეს არ არის საგამოძიებო უწყება, ეს არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისითაც კანონპროექტი არის გამართული.
აქამდე, ის რაც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ხდებოდა, იყო დახურული ფორმატი. ამაზე ბუნებრივია, საჯარო მსჯელობა დაიწყება, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდება”, - განაცხადა კახიანმა.