ირაკლი სესიაშვილი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციაზე - ასეთ ზოგად განცხადებებს პირველი კურსის სტუდენტიც გააკეთებს

ირაკლი სესიაშვილი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციაზე - ასეთ ზოგად განცხადებებს პირველი კურსის სტუდენტიც გააკეთებს

ე.წ. მოსმენებზე რა სისტემაც არ უნდა შეგვემუშავებინა, თავიდანვე იყო მობილიზებული არასამთავრობო სექტორიც და ოპოზიციაც, რომ მაქსიმალურად კრიტიკულად მიდგომოდნენ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

სესიაშვილი გამოეხმაურა ფარული მოსმენების შესახებ სუს-ში დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის თაობაზე ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას.

”ეს ე.წ. ფარული საგამოძიებო მოქმედებები მათთვის არის გადაყვანილი პოლიტიკურ ჭრილში. ისინი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ ამ მოცემულობას, ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური კონტექსტით მიიღო გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მივყევით საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს, მაქსიმალურად შევეცადეთ დაგვეცვა ბალანსი უსაფრთხოების აუცილებლობასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის, ასევე გავზარდეთ კონტროლის მექანიზმები, როგორც ამას ითხოვდა საკონსტიტუციო სასამართლო. გარდა იმისა, რომ საპარლამენტო კონტროლი დავამატეთ, სასამართლო ხელისუფლების კონტროლის მექანიზმები გავაძლიერეთ. კვლავაც დარჩა მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ზედამხედველობის საკითხი და რაც მთავარია, საერთო ჯამში, უფრო მეტად გამჭვირვალე გახდა და კონტროლის ქვეშ მოექცა ეს სისტემა”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობის მიერ მომზადებული ინიციატივით საგამოძიებო ფუნქციები ჩამოსცილდა ამ უწყებას და სრული დამოუკიდებლობა მიენიჭა.

”კომისია არჩევს თავმჯდომარეს და წარუდგენს პრემიერ-მინისტრს, თავისი ბიუჯეტი აქვს, სუს-ის ხელმძღვანელი არ ერევა მის საშტატო ერთეულსა და სტრუქტურაში და მისი გათავისუფლება მხოლოდ კანონით არის განსაზღვრული. თუ ამ მოცემულობას გადავხედავთ, ძალიან ძლიერი და დემოკრატიული სისტემა შევქმენით”, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ ”ფარულ მოსმენებზე ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები”, როგორც ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, „ასეთ ზოგად, არაკონკრეტულ განცხადებებს ნებისმიერი ჩვენგანი გააკეთებს, თქვენც და პირველი კურსის სტუდენტიც - ასეთი განცხადებები სცილდება კონკრეტულ საკითხს“. 

”ადამიანის უფლებები რომ უნდა იყოს დაცული, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს კონსტიტუციაში წერია. ის, რაც ჩვენ მოდელი შევქმენით, მიგვაჩნია, რომ არის საუკეთესო მოდელი არსებული გამოწვევების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ნებისმიერ კრიტიკას, პრაგმატულს, კონსტრუქციულს, შინაარსზე ორიენტირებულს მოვისმენთ. მეც მაქვს შენიშვნები, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა, რადგან საკმაოდ ფართო საკითხებს არეგულირებს, მაგრამ ზოგადი ფრაზებით საუბარს და ზოგად კრიტიკას ვერ ავყვები”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონის კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ქვეყანას ამით ექნება სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას.

ახალი სსიპ-ი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნება.