გია ვოლსკი - ფორმალური ნაწილი, რასაც ფარული მოსმენების სამსახურის სუს-ის წიაღში ყოფნა ჰქვია, არ განაპირობებს მის ანგარიშვალდებულებას სუს-ის მიმართ

გია ვოლსკი - ფორმალური ნაწილი, რასაც ფარული მოსმენების სამსახურის სუს-ის წიაღში ყოფნა ჰქვია, არ განაპირობებს მის ანგარიშვალდებულებას სუს-ის მიმართ

“ფარულ მოსმენებთან“ დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება არ არის შორს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან და არ ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. 

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზება იმის შესახებ, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი აღმასრულებელი სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული, სისტემურად შეუსაბამოა და უფლებამოსილების აღრევას წარმოადგენს. 

“როგორც კი ამ თემაზე კონსულტაციები დაიწყო, თავიდანვე გამოიკვეთა, რომ საკითხის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციების განწყობა ანტაგონისტური იყო. მოძრაობამ “ეს შენ გეხება“ ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, იყო კლიპი, სადაც ასახულია, რომ ადამიანები ერთმანეთს ელაპარაკებიან: - ესაუბრებიან მეგობარს, ექიმს, მოძღვარს და ეს ყველაფერი მთავრდება განცხადებით: “ისევ გვისმენენ“. ეს სულისკვეთება სამუშაო ჯგუფში თავიდანვე იყო. მათ განწყობებს, ტერმინებს, კომენტარებს თავიდანვე ეტყობოდა, რომ შეთანხმება პრაქტიკულად მიუღწევადია. შეიქმნება სტრუქტურა, კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ფორმალურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი იქნება, მაგრამ არ იქნება მის დაქვემდებარებაში. აღნიშნული სამსახური ანგარიშვალდებული იქნება პრემიერთან და პარლამენტთან. ის ფორმალური ნაწილი, რასაც ამ სამსახურის სუს-ის წიაღში ყოფნა ჰქვია, არ განაპირობებს მის ანგარიშვალდებულებას სუს-ის ხელმძღვანელის მიმართ იქნება ეს საკადრო საკითხები, ფინანსური საკითხები თუ სხვა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.

მან აქვე აღნიშნა, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით სუს-ის მოთხოვნა დაახლოებით 20%-ს შეადგენს და ამ მიმართულებით უფრო მეტია შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მოთხოვნები. 

ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონის კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ქვეყანას ამით ექნება სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას.

ახალი სსიპ-ი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნება.