პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ფარულ მოსმენებზე ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ფარულ მოსმენებზე ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ე.წ. მოსმენების კანონზე მედიას პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები.

"ე.წ მოსმენების თემას საქართევლოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ყოველთვის, ყველა ეტპაზე. თქვენ იცით, რომ აღნიშნულ კანონპროექტს გიორგი მარგველაშვილმა თავის დროზე ვეტოც დაადო, რაც სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული და შედეგად მძიმე და სამწუხარო გამოცდილება და რეალობა მივიღეთ. 
ქვეყნის პირველი პირის აზრით, ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები. პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები. ასეთი სტრუქტურის შექმნისას კი, ამოსავალი პირინციპი უნდა იყოს ამ უწყების ანგარიშვალდებულება და ეფექტიანი კონტროლი სამივე სახელისუფლო შტოს - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს მხრიდან", - განაცხადა მიშველაძემ. 

ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონის კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ქვეყანას ამით ექნება სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას.

ახალი სსიპ-ი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნება.