"სოციალ-დემოკრატები" კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას ითხოვენ, რომლითაც ახალი გადასახადის შემოღება ან არსებულის გაზრდა რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი

უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატები“ საქართველოს კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღების ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვით, ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღება ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდა მთავრობის მიერ დანიშნული რეფენდუმით არის შესაძლებელი. მათივე აზრით, შესაბამისი ცვლილებები “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონშიც უნდა განხორციელდეს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი წინადადებით ფრაქციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას უკვე მიმართა.

“კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი რადიკალურად ასუსტებს სახელმწიფოს, პარლამენტს არ აძლევს შესაძლებლობას, წარმომადგენლობითი ფუნქცია შეასრულოს და ზღუდავს სახელმწიფოს, განსაზღვროს პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და უზრუნველყოს ის შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსებით. ჩვენ 55 განვითარებული, მათ შორის ევროპული ქვეყნების კონსტიტუციები განვიხილეთ. ასეთი ჩანაწერი არსად არ არის. გადასახადების თაობაზე განსაზღვრულია, რომ ამას პარლამენტი ან მთავრობა ახორციელებს და არსად წერია, რომ ეს რეფერენდუმით უნდა განხორციელდეს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს კიდევ უფრო დასუსტებისკენ და პასუხისმგებლობის მოხსნისკენ ანუ სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე, პოლიტიკებს არ განსაზღვრავს და ზოგად ვითარებას - ბაზრის უხილავ ხელს მიანდობს, რისი მოწმეც 25 წელია ვართ. ეს პოლიტიკა უნდა დასრულდეს! თუ ჩვენ რადიკალურად არ შევცვალეთ ვითარება, მუდმივად ორიენტირებული ვიქნებით არა განვითარებაზე, არამედ გადარჩენაზე. სწრაფი განვითარება არის ერთადერთი გზა, რომელიც ეკონომიკური ვითარებიდან გამოგვიყვანს. დღეს გამართული დისკუსიები, რომ ეკონომიკამ 2%-ით მოიმატა თუ 2,8%-ით, ეს სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში სერიოზულ ცვლილებებს არ ქმნის. ჩვენ რადიკალური ცვლილებები და გარღვევა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გჭირდება. ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს, სახელმწიფოს შესაბამისი ინსტრუმენტები უნდა ჰქონდეს - უპასუხისმგებლო სახელმწიფოდან პასუხისმგებლიანი სახელმწიფოსკენ უნდა წავიდეთ. სახელმწიფოს სჭირდება ინსტრუმენტები, ამიტომ ჩვენ კონსტიტუციიდან ეს ჩანაწერი (94-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები) უნდა ამოვიღოთ. ამას შესაბამისი ცვლილებები კანონშიც მოჰყვება. ვფიქრობ, რომ კარგი დროა, ეს ნაბიჯი გადაიდგას“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 

მათი კიდევ ერთი ინიციტივა, რომელსაც საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“ საკონსტიტუციო კომისიას სთავაზობს, კონსტიტუციის ადამიანის უფლებათა დაცვის თავისთვის ადამიანის ღირსეული საცხოვრებლის უფლების შესახებ ჩანაწერის დამატებაა.