ზვიად ქაწაშვილი - გარკვეული კერების არსებობის გამო, ”ბავშვთა სამყაროს” შენობაში ბოლომდე შესვლა აკრძალულია

ზვიად ქაწაშვილი - გარკვეული კერების არსებობის გამო, ”ბავშვთა სამყაროს” შენობაში ბოლომდე შესვლა აკრძალულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ზვიად ქაწაშვილის განმარტებით, ”ბავშვთა სამყაროში” არის ხანძრის გარკვეული კერები დარჩენილი, რის გამოც შენობაში შესვლა ექსპერტებისა და ”სამხარაულის ექსპერტიზის” ბიუროს მიერ აკრძალულია.

როგორც ზვიად ქაწაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის ლოკალიზება გუშინვე მოხერხდა, ამჟამად კი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

”ლოკალიზაცია ნიშნავს, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და ლიკვიდაცია ნიშნავს, როდესაც ხანძარი მთლიანად ჩამქრალი იქნება. არის გარკვეული კერები იმის გამოა, რომ ბოლომდე შესვლა არ შეგვიძლია, რადგან აკრძალულია ექსპერტებისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ. გარედან ვმუშაობთ და ვაწარმოებთ დაქრობით სამუშაოებს. მთელი ღამის განმავლობაში დაცული იყო უსაფრთხოების ნორმები. მთელი ღამის განმავლობაში 11 ეკიპაჟი მუშაობდა და ამის შედეგად გაცილებით ნაკლები კერაა დარჩენილი. დაზარალებულები ეტაპობრივად შედიან და გამოაქვთ გადარჩენილი საქონელი, რისთვისაც უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია. შსს ყველაფერს აკეთებს, რომ ობიექტი იყოს დაცული და რაც გადარჩენილია ობიექტზე უვნებლად დაუბრუნდეს მეპატრონეებს”, -განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.