გია ხუხაშვილი - ცალკე უწყების შექმნა, რომელსაც იგივე აღმასრულებელი ხელისუფლება დანიშნავს, კითხვებს კი არ ხსნის, ახალ კითხვებს აჩენს

გია ხუხაშვილი - ცალკე უწყების შექმნა, რომელსაც იგივე აღმასრულებელი ხელისუფლება დანიშნავს, კითხვებს კი არ ხსნის, ახალ კითხვებს აჩენს

ცალკე უწყების შექმნა, რომელსაც იგივე აღმასრულებელი ხელისუფლება დანიშნავს, კითხვებს კი არ ხსნის, ახალ კითხვებს აჩენს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყების შექმნის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

გია ხუხაშვილის თქმით, მთავარია, სისტემა არალეგალური მოსმენებისგან დაზღვეული იყოს. 

„უნდა იყოს, ალბათ, კიდევ რაღაც ინსტიტუტი, რომელიც ამ ქმედებებების კანონთან შესაბამისობას გააკონტროლებს. მაგრამ ის, რომ შეიქმნება ცალკე უწყება, რომელსაც იგივე აღმასრულებელი ხელისუფლება დანიშნავს, არაფრისმთქმელი განცხადებაა და ეს კითხვებს კი არ ხსნის, ახალ კითხვებს აჩენს. უშიშროების სისტემაში იქნებოდა ეს, თუ ცალკე რგოლი შეიქმნება აღმასრულებელი ხელისუფლების ვერტიკალში, ამით თავისთავად არაფერი იცვლება. შეიცვლებოდა იმით, დამოუკიდებელი კონტროლის მექანიზმი რომ იყოს. ასე რომ, მეტი განმარტებები საჭიროა, რათა ჩვენ დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კანონთან შესაბამისობაში ხდება. მთავარი საკითია, ვის ხელშია თვითონ ეს სერვერები და აღმასრულებელ ხელისუფლებას დამოუკიდებლად, გარე კონტროლისა და სასამართლოს გარეშე, ტექნიკურად შეუძლია თუ არა შეღწევა - ამაშია პრობლემა. ის, რომ მოსამართლეს ჰქონოდა მეორე გასაღები, ჩემი აზრით, არ იყო ლოგიკას მოკლებული. ალბათ, უნდა დაველოდოთ მეტ განმარტებებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ აქ უბრალოდ ფორმალურ გადანაცვლებასთან არ გვაქვს საქმე და რეალურად რაღაც იცვლება უკეთესობისკენ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონის კომენტირებისას განაცხადა. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ქვეყანას ამით ექნება სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას. ახალი სსიპ-ი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნება.