სოსო ცისკარიშვილი ფარული მოსმენების საკითხზე ახალი სსიპ-ის შექმნაზე - თუ სისტემა დაექვემდებარება სუს-ს, მაშინ ის დარჩება გასუსული

სოსო ცისკარიშვილი ფარული მოსმენების საკითხზე ახალი სსიპ-ის შექმნაზე - თუ სისტემა დაექვემდებარება სუს-ს, მაშინ ის დარჩება გასუსული

თუ სისტემა დაექვემდებარება სუს-ს, მაშინ ის დარჩება გასუსული, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა და ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყების შექმნის საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სსიპ-ის სახით შეიქმნება. 

სოსო ცისკარიშვილის თქმით, მტკიცება იმის შესახებ, რომ სუს-ის მიერ შექმნილი უწყება იქნება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, არადამაჯერებელია მაშინ, როდესაც თავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან ”მართულები”. 

”როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა მართულია პარლამენტში, ასეთი გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი იქნება. თუ სისტემა ექვემდებარება სუს-ს, მაშინ ის დარჩება გასუსული, ისევე როგორც სუს-ი. სინამდვილეში კი, ქმედება იქნება განუსაზღვრელი. ანალოგი იმისა, რასაც ვაკვირდებით უკანასკნელ წლებში. სუს-მა ის ვერ მოახერხა, რომ ერთი ფაქტი მაინც გამოეძიებინა იმ უთავბოლო და შემარცხვენელი კადრების, რომლებიც თავად გადაიქცნენ სუს-ის სირცხვილად. შორს სუს-ი იმ თემებიდან, რომლის მიმართ მათ არანაირი შედეგის შემოთავაზება არ ძალუძს,” - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა. 

ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონის კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ქვეყანას ამით ექნება სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას.

ახალი სსიპ-ი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნება.