ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შექმნილ სსიპ-ის ხელმძღვანელს პრემიერი დანიშნავს

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შექმნილ სსიპ-ის ხელმძღვანელს პრემიერი დანიშნავს

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთა დაკავშირებით შექმნილ სსიპ-ის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ე.წ. ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით სამივე მოთხოვნა, რაც დღის წესრიგში იდგა, გათვალისწინებულია. ”სამივე მოთხოვნა, რაც დღის წესრიგში იდგა გათვალისწინებულია: ერთი - შესაბამისობაში მოყვანა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან; მეორე - უსაფრთხოების გარანტიები და ჩვენ ამ საკითხზე აუცილებლად გავამახვილებთ ყოველთვის აქცენტს, რომ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი საზოგადოება იყოს მაქსიმალურად დაცული და მესამე, ეს არის ადამიანის უფლებები. უპრეცედენტო დაზღვევის მექანიზმებია ამ მიმართულებით შემოღებული ამ პროექტის მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო კონტროლსა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, რომელიც ძალიან წარმატებით მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, ემატება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სააგენტო, რომლის ხელმძღვანელის არჩევის პროცედურა ასევე ძალიან გართულებულია და მაღალი ლეგიტიმაცია ექნება იმ ადამიანს, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს. ყველაფერი ეს გვაძლევს უპრეცედენტო დაცულობის გარანტიას. პირდაპირ გეტყვით, ჩვენ არ გვაქვს ექპერიმენტების დრო. პროექტი, რომლის მაგვარი მსოფლიოში არც ყოფილა და არც დღეს არის, არ შეიძლება იყოს მოწონებული, რადგან დღეს ვდგავართ უსაფრთხოების ძალიან მწვავე გამოწვევების წინაშე. შესაბამისად, ჩვენ ამ ყველაფერს ვპასუხობთ ადეკვატურად”, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისთვის შესაქმნელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, ხოლო კანდიდატურას კომისიის გარკვეული ჯგუფი წარუდგენს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის შეფასებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახალი სსიპ-ის ლეგიტიმაცია ძალიან მაღალი იქნება.