ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა ყაზახეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზეა წარდგენილი

ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა ყაზახეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზეა წარდგენილი

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ზურაბ აბაშიძის კანდიდატურაა წარდგენილი.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტრომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და საქართველოს პრეზიდენტს საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში დასანიშნად ელჩების კანდიდატურები წარუდგინა.

კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე წარდგენილია კონსტანტინე ქავთარაძის კანდიდატურა.

”იგი გახლავთ გამოცდილი დიპლომატი და 1990 წლიდან საქმიანობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2004 წელს გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2006-2011 წლებში - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, 2011-2015 წლებში - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში. კონსტანტინე ქავთარაძე 2015 წლის ივნისიდან დღემდე არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი”, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის თანამდებობაზე წარდგენილია ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა.

”ზურაბ აბაშიძე 1996 წლიდან არის სახელმწიფო სამსახურში და სხვადასხვა დროს საჯარო სექტორში იკავებდა საპასუხისმგებლო თანამდებობებს. 2012-2016 წლებში ის იყო საქართველოს პარლამენტის, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას”, - განმარტავენ სამინისტროში.

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის თანამდებობაზე წარდგენილია ოთარ ბერძენიშვილის კანდიდატურა.

”მას აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მათ შორის 2011-2016 წლებში იყო საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კოლუმბიის რესპუბლიკაში, პერუს რესპუბლიკაში, ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში, გაიანის კოოპერატიულ რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში (CARICOM) საქართველოს წარმომადგენელი”, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.