ჩვენ ვგეგმავთ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებში, ის იქნება პირველი ტესტი, სადაც დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვაჩვენებთ ძალიან სერიოზულ შედეგს, - ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ”მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” პრეზენტაციაზე განაცხადა.
”დღეს საზოგადოებასთან ერთად ვდგავთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს იმ გზაზე, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს საქართველოში ახალი, ძლიერი პოლიტიკური ცენტრის გაჩენამდე. მე ხშირად მესმის კითხვები, თუ რა არის ჩვენი პოლიტიკური ძალის ამოცანა, რა იქნება ამ პოლიტიკური ცენტრის ამოცანა. მთავარი ამოცანა იქნება იმის ჩვენება, რომ საქართველოში არსებობს ალტერნატივა, რომელიც უკეთეს ცხოვრებამდე მიგვიყვანს, მიგვიყვანს განვითარებამდე, რომელიც ამ ქვეყანაში დააბრუნებს წინსვლის და განვითარების განცდას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად, წაგვართვა ”ქართულმა ოცნებამ”. ჩვენ ყველამ დავინახეთ განვლილ არჩევნებზე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უბრალოდ აღარ მონაწილეობს არჩევნებში. ესეც არის უიმედობის ერთ-ერთი ნიშანი. ადამიანები ვერ ხედავენ საკუთარი უკეთესი მომავლის პირობას არჩევნებში მონაწილე ძალებს შორის. ეს არის დღევანდელი რეალობა - ერთ მხარეს არის ხელისუფლება, რომლის იმედიც ხალხს არ აქვს, რომელსაც ვერ მოაქვს და ვერ მოიტანს უკეთესობას წინსვლას და უკეთეს ცხოვრებას ჩვენი ხალხისთვის, ხოლო მეორე მხარეს არის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, რომელშიც ასევე ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ვერ ხედავდა საკუთარი უკეთესი მომავლის რეალიზებას. ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ ყველას, რომ ამ მოცემულობაში ასეთი პოლიტიკური ძალა არსებობს”, - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ”მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო” მოახერხებს იმას, რომ საქართველო წაიყვანოს წინ და ჩვენმა ხალხმა იცხოვროს უკეთ.
”ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ არც მეორე, არც მესამე, არც მეხუთე, არც ოცდამეხუთე პოლიტიკური ძალა, ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად შეძლებს ამ ქვეყანაში მიზიდულობის ცენტრის შექმნას და რეალურად დაანახებს ჩვენს მოსახლეობას, რომ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც თავისი ცოდნით, თავისი კვალიფიკაციით, თავისი ინტელექტით, თავისი ენერგიით, თავისი მონდომებით მოახერხებს იმას, რომ საქართველო წაიყვანოს წინ და ჩვენმა ხალხმა იცხოვროს უკეთ. ეს არის პოლიტიკაში ყოფნის მთავარი ამოცანა და ეს არის ის ამოცანა, რომლის გარშემოც გაერთიანებულია ჩვენი გუნდი. ჩვენ ვგეგმავთ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებში და ადგილობრივი არჩევნები იქნება ის პირველი ტესტი, სადაც დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვაჩვენებთ ძალიან სერიოზულ შედეგს. ჩავალთ ყველა რაიონში, მივალთ ხალხთან და დავანახებთ, რომ ადგილობრივ არჩევნებს გააჩნია უზარმაზარი მნიშვნელობა. ჩვენ ხელისუფლების მშვიდობიანი დემონტაჟი სწორედ ადგილებიდან, რაიონებიდან უნდა დავიწყოთ, სოფლებიდან, იქიდან, სადაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ”, - განაცხადა ბაქრაძემ.