ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა სურვილი, რომ როგორღაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა მოხერხდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იანგლანდთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
“ჩვენი ქვეყნისთვის პირველი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის ოკუპირებულ ტერიტოროებზე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ორგანოების შესვლა, რათა ვიცოდეთ, რა ხდება იქ ამ თვალსაზრისით. აღნიშნული საკითხი აქტუალურია თუნდაც იმ ფაქტიდან გამომდინარე, რაც გუშინ მედიით გავრცელდა, დრანდის ციხეში საქართველოს მოქალაქის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ ეს საკითხი დავსვით. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა სურვილი, რომ როგორღაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა მოხერხდეს, თუმცა გასაგებია, რომ რუსეთი ამას ყველანაირად ეწინააღმდეგება. საქართველოს მხარემ და ოფიციალურმა პირებმა ეს საკითხი აქტიურად უნდა დასვან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და ტორბიორნ იანგლანდის შეხვედრაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.