”ნაცმოძრაობა” ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევს და მანიფესტაციებს აანონსებს

”ნაცმოძრაობა” ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევს და მანიფესტაციებს აანონსებს

”ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევს და მანიფესტაციებს აანონსებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თუ ხელისუფლება 2 კვირის განმავლობაში ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, რათა რუსეთის მხრიდან ქართველი სამხედროების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდეს, მანიფესტაციებს დაიწყებს.

„მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო გია ცერცვაძეს გათავისუფლება. ეს არის ქართველი და უკრაინელი ხალხის გამარჯვება, ქართული საზოგადოების მხრიდან ჩვენი მეომრების, გმირების დაფასება. ჩვენ არ ვაპირებთ რომ ხელები ჩამოვუშვათ და ჩვენი სამხედროების ბედი ხელისუფლებას მივანდოთ. თუ 2 კვირის განმავლობაში ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, რათა რუსეთის მხრიდან ქართველი სამხედროების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდეს, თუ ხელისუფლება რუსეთში ჩვენი მეომრების ექსტრადიციის ხელშეწყობას არ შეწყვეტს, ჩვენ სახელმწიფო უწყებების შესასვლელებთან მანიფესტაციებს დავიწყებთ, რათა ამ გაზულუქებულ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება მშვიდად ჩააბარონ ჩვენი მეომრები საქართველოს მტერს. ფაქტია, რომ ხელისუფლების მხრიდან ჩვენი მეომრების დევნა გრძელდება. რუსული სააგენტოები ავრცელებენ იმ მეორების სახელებსა და გვარებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ და ახლა უკრაინის დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამ ადამიანების წინააღმდეგ გაგრძელდება სისხლის სამართლის დევნა”, - განაცხადა პარტიის წევრმა აკაკი მინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, სამწუხარო პროცესია, მაგრამ რეალობაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან „გამოცხადებულია ღალატის ქრონიკა“.

„ამაზე შემდეგი ფაქტები მიუთითებს: 1. ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ აცხადებდნენ, რომ საქართველომ 2008 აგვისტოში ომი დაიწყო, რაც სრულიად შეესაბამება რუსულ ნარატივს;

2. „ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო არ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი;

3. არჩევნების შემდეგ მყისიერად გაათავისუფლეს რუსი ჯაშუშები -შკრილნიკოვი, ჩაპლიგინი, გევორქიანი, ჩახალიანი ისე რომ არ მოხდა, ამავე გაყალბებული ბრალდებით რუსეთის ფედერაციაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გამოშვება;

4. ხდება სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ან/და დაკავება იმ ქართველი სამხედროების, რომლებმაც ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინეს;

5. ხდება ქართული სამხედრო წარმოების გაჩერება, და საიდუმლო თავდაცვითი ნაგებობების შესახებ ინფრომაციის რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებისათვის გადაცემა;

6. რუსეთი-სომხეთის რკნიგზის აღდგენაზე საუბარი საქართველოს მოქალაქეების გვერდის ავლით;

7. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ საიდუმლო მოლაპარაკებების წარმოება. „გაზპრომთან“ ურთიერთობა ზიანს აყენებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს;

8. ევროკავშირში და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პოლიტიკიდან უკან დახევა, რისი დასტურიც ნატო-ს სამიტზე არდასწრებაა;

9. ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოშლის პროცესის დაწყება, სამხედროების ჯარიდან მასიურად გათავისუფლებისა და რიგი ქვედანაყოფების დაშლის გზით;

10. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ სამხედროების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციაში საქართველოს ხელისუფლების აქტიური მონაწილეობა.“