„ნაციონალური მოძრაობა“:  გენერალური შტაბის უფროსი ჩაჩიბაია მიზანმიმართულად ანადგურებს ქართულ ჯარს

„ნაციონალური მოძრაობა“: გენერალური შტაბის უფროსი ჩაჩიბაია მიზანმიმართულად ანადგურებს ქართულ ჯარს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნუგზარ წიკლაური და ბესო შენგელია თავდაცვის სამინისტროდან სამოქალაქო პირებისა და ჯარისკაცების გათავისუფლებას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ „ეს ტენდენცია დიდი ხნის წინ დაიწყო, როცა ქვეყანაში სამხედრო მრეწველობა შეჩერდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

„თავდაცვის სამინისტროში სამოქალაქო პირებისა და ჯარისკაცების მასობრივი გათავისუფლებები გრძელდება. ეს არის ქართული ჯარის წინაშე ჩადენილი დანაშაული ხელისუფლების მხრიდან, სამინისტროს მხრიდან თავდაცვის მოშლა და დივერსია შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ეს არის ერთიანი გეგმის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც მოიშალა თავდაცვის ზღუდეები, სამხედრო მრეწველობა ფაქტობრივად აღარ არსებობს ქვეყანაში, გაუქმებულია ლილოს საინჟინრო ბატალიონები და სხვები“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბესო შენგელიამ კონკრეტული ციფრები მოიყვანა და განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 1 800-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული, 3 800 კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი და 15 თებერვლისთვის კიდევ აპირებენ უფრო მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას.

„2017 წლის დადგომა 1 000 მეტ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლებით მიულოცა სამინისტრომ. 9 იანვარს 145 სამხედრო გაანთავისუფლეს უაპელაციოდ, 3 800 თანამშრომელი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი და ჯერჯერობით მინისტრს ხელი არ მოუწერია. თავდაცვის სამინისტრომ სამეტაპიანი „ოპტიმიზაცია“ გამოაცხადა. პირველი და მეხუთე ბრიგადები გაერთიანდა. სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში მყოფი საინჟინრო ბრიგადა გაუქმდება და ბატალიონად გადაკეთდება. 200-ზე მეტი ადამიანი საინჟინრო ბრიგადიდან პირდაპირ მოწყობიდან დაითხოვეს, ამოიკითხეს გვარები, ცალკე დააყენეს კეთროვნებივით და დამამცირებლად გაუშვეს სახლში. ასევე საინჟინრო ბრიგადის ორი ბატალიონი საერთოდ დაშალეს და 200 ადამიანი ამ ხერხით გაუშვეს სამსახურიდან. კონკრეტული ფაქტები: ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე საინჟინრო - მხარდამჭერი ბატალიონი იყო, სადაც 350 ადამიანი მუშაობდა. ეს ბატალიონი სამი ასეულისგან შედგებოდა, პლუს ბატალიონის მმართველობა. დაშალეს, სამხედრო უზრუნველყოფის თანამშრომლები მთლიანად გაანთავისუფლეს, ასევე ბატალიონის შტაბიდან და ბრიგადიდან სამოქალაქო პირები მთლიანად გაუშვეს. კონკრეტულ მისამართზე: ჭირნახულის ქუჩა N11 (ლილოს მიმდებარე ტერიტორია) პირდაპირ მოწყობაზე ამოიკითხეს 85 ადამიანის გვარი და უთხრეს - თქვენ დათხოვნილი ხართ შეირაღებული ძალებიდან, გეკრძალებათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნა და სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორიაო.

შიდა საქმეებზე ინფორმაცია რომ არ გავიდეს იძულებით აწერინებენ ხელს სპეციალურ ჟურნალში, რომელსაც ბრიგადა აწარმოებს, ხელმომწერი იღებს ვალდებულებას ინფორმაციის გაუცემლობაზე.

მიზანმიმართულ განთავისუფლებებს ემყარება ისიც, რომ სამხედრო მოსამსახურეებს ეუბნებიან წოდებების მიხედვით აიღეთ კომპენსაციები და წადით შეიარაღებული ძალებიდან, თუ ამას არ გააკეთებთ ფიზიოებში ჩაგჭრით შეგნებულადო. ლეიტენანტის კომპენსაცია - 5 000 ლარია; კაპიტნის - 10 000 ლარი; მაიორის - 12 000 ლარი; ვიცე-პოლკოვნიკის - 15 000 ლარი; პოლკოვნიკის - 20 000 ლარი.

გაუქმებულია კრწანისში, ზემო ფონიჭალის ტერიტორიაზე დისლოცირებული სატანკო ბაზა. მცხეთის მიმდებარედ დისლოცირებული პირველი ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ასეული დაშალეს, უმეტესობა გაანთავისუფლეს, ხოლო დარჩენილი ნაწილი მეოთხე ბრიგადას შეუერთეს. სამხედრო პოლიციაში 21 დეკემბერს სამსახურიდან დაითხოვეს სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის 99 თანამშრომელი, ასევე დასავლეთ ბატალიონის 40 თანამშრომელი (ამას საინფორმაციო საშუალებებთან პირდაპირ აცხადებს აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილი საქმის მწარმოებელი შოთა მათითაიშვილი).

ასევე 15 თებერვლისთვის ელოდებიან დათხოვნების ახალ ეტაპს. გენშტაბის ახალი უფროსი ჩაჩიბაია მიზანმიმართულად ანადგურებს ქართულ ჯარს“, - აღნიშნა შენგელიამ.