დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ საიმიგრაციო საკითხებზე ხელმოწერილი განკარგულება მუსლიმთა აშშ-ში შესვლის აკრძალვაა

დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ საიმიგრაციო საკითხებზე ხელმოწერილი განკარგულება მუსლიმთა აშშ-ში შესვლის აკრძალვაა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ მის მიერ საიმიგრაციო საკითხებზე ხელმოწერილი განკარგულება მუსლიმთა აშშ-ში შესვლის აკრძალვაა. აღნიშნული განცხადება ტრამპმა კვირას გააკეთა.

„ამერიკა ემიგრანტების ამაყი ქვეყანაა, ჩვენ განვაგრძობთ მათ მიმართ თანაგრძნობის ჩვენებას, ვინც იჩაგრება, მაგრამ ამას ჩვენი მოქალაქეებისა და საზღვრების დაცვასთან ერთად გავაკეთებთ“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ მიღებული ზომები 2011 წელს პრეზიდენტ ობამას მიერ მიღებული ზომების მსგავსია, როდესაც „ერაყიდან დევნილებისთვის ვიზების გაცემა 6 თვით აიკრძალა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შვიდი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა 90 დღით აიკრძალა, ჯერ კიდევ ობამას ადმინისტრაციის მიერ იყო განსაზღვრული.

„გარკვევით მინდა განვაცხადო, რომ ეს არ არის მუსლიმთა აკრძალვა როგორც მედია მოტყუებით იუწყება. ეს განკარგულება არ ეხება რელიგიას, არამედ ეხება ტერორიზმსა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების შენარჩუნებას“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, აშშ კვლავ გასცემს ვიზებს სიაში მოხვედრილი ქვეყნების მოქალაქეებზე მას შემდეგ, რაც „გადაიხედება და განხორციელდება ყველაზე უსაფრთხო პოლიტიკა მომდევნო 90 დღის განმავლობაში“.