კონსტიტუცია სახელობითად არც პრეზიდენტისთვის იწერება და არც პრემიერისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
„არც ერთი ჯგუფი ჯერჯერობით გადაწყვეტილებებს არ იღებს. მხოლოდ მოსაზრებების გამოთქმა ხდება. კომისიის ჯგუფის წევრებმა ჯერ მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლები განვიხილეთ, არჩევის წესთან დაკავშირებით განხილვები არ ყოფილა. კონსტიტუცია არ იწერება არც პრეზიდენტისთვის, არც პრემიერ-მინისტრისთვის სახელობითად, ის იწერება კონსტიტუციურ პრინციპებზე, იმ მოდელზე დაყრდნობით, რომელსაც ქვეყანა ირჩევს. თუ ვსაუბრობთ საპარლამენტო მოდელზე, გაბედულად უნდა ვთქვათ, რომ ის, რაც ხარვეზი არის, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს, ხარვეზი უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება პირადად კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ბესელიამ ამ საკითხზეც ისაუბრა.
„პირადად ჩემთვის, პრეზიდენტის არჩევის წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოდელს ჩამოვაყალიბებთ საბოლოოდ, წმინდა საპარლამენტო მოდელს თუ საბოლოო დისკუსიის შემდეგ შერეული ტიპის მოდელი უნდა იყოს არჩეული. თუ წმინდა საპარლამენტო მოდელზე ვისაუბრებთ და უფლებამოსილებებს გავმიჯნავთ, ამის შემდეგ უფრო ნათელი გახდება ჩემთვის არჩევის როგორი წესი იქნება მისაღები. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა იყოს საპარლამენტო მოდელი, მაგრამ ახლა ეს პოზიცია, რომელიც გვაქვს, საბოლოოდ უნდა შეჯერდეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში და ეს უკვე აისახოს კონკრეტული უფლებამოსილებებით და კონკრეტული ნორმებით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.