როგორც ჩანს, ივანიშვილს ისინი მძევლებად აღარ სჭირდება და გაათავისუფლა, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილმა პრეზიდენტის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების შეწყალების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, დაკავებულები ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მძევლები იყვნენ, რომლებიც მან პოლიტიკურ იარაღად გამოიყენა.
„ეს ადამიანები იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, ისინი გამოიყენეს დღეს უკვე ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. როგორც ჩანს ივანიშვილს ისინი მძევლებად აღარ ჭირდება და გაათავისუფლა. თუმცა, პრობლემა - რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები რჩებიან, ისევ პრობლემაა. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ დარჩეს“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, დავით წიფურია, გიზო ღლონტი და ნუგზარ კაიშაური პრეზიდენტმა გუშინ შეიწყალა. მათ საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვეს.
თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილ მაღალჩინოსანს პროკურატურა 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავება. ბრალდებულებს 2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, დავით წიფურიას, გიზო ღლონტსა და ნუგზარ კაიშაურს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბროტად გამოყენებაში გადაუკვალიფიცირა და ამის საფუძველზე სასჯელის ვადა შეუმცირა. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბრალდებულებს პენიტენციური დაწესებულება დაახლოებით 2 თვეში უნდა დაეტოვებინათ.