პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე განიხილება ის ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის ნაწილთან, საქართველოს მთავრობისა და ასევე თავდაცვის საკითხებთან.
„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო კონსტიტუციური მოწესრიგების. სწორედ აქ წყდება ის ძირითადი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლების დანაწილების სისტემის ფუნქციონირებასთან. აქედან გამომდინარე, სრულიად გასაგებია საკონსტიტუციო კომისიის წევრთა განსაკუთრებული ინტერესი ამ საკითხების მიმართ. შეგახსენებთ ჩვენი მუშაობის ფორმატს - სამ ძირითად ეტაპად გვაქვს დაგეგმილი სამუშაო პროცესი. დღეს განვიხილავთ ინიციატივებს თითოეულ ნორმასთან, თავთან დაკავშირებით. მეორე სხდომაზე დაახლოებით, ერთ თვეში განიხლება პირველადი რედაქცია იმ კანონპროექტის, რომელიც შემუშავდება თქვენი ინიციატივების საფუძველზე და მესამე სხდომაზე, რომელიც დაახლოებით, ორი თვის შემდეგ ჩატარდება, უკვე რედაქციული განხილვა გაიმართება იმ კანონპროექტის მეტ-ნაკლებად შეჯერებული ვერსიის, რომელიც ჩვენ უნდა მოვამზადოთ“, - განაცხადა კობახიძემ.